ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების საკითხს ჯო ბაიდენთან სექტემბერში აშშ-ში განიხილავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებთან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების ნებართვის მისაღებად მუშაობს და იმედოვნებს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებს სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეაჯამებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დღეს კი იტალიაში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა.
„თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სექტემბერში გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების საშუალებას მომცემს, ჩვენ შევაჯამებთ ყველა ამ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. შედეგის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს შორის „ჯერ არ არის კონსენსუსი“ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„მახსოვს, როგორ ვმუშაობდი შესაბამისი იარაღის გამოყენებაზე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. მაშინაც არ იყო კონსენსუსი. მაგრამ მნიშვნელოვანია, იპოვო გასაღები თუნდაც ერთი ქვეყნისთვის და მაშინ სხვებიც შეიძლება მიჰყვნენ. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.