ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს
რუსეთის ფედერაციის ლიდერები ავადმყოფი ადამიანები არიან, რომლებიც კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის ზღვარზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩერნომორსკის პორტში 40 ათასი ტონა ხორბლით დატვირთულია მორიგი გემი, რომელმაც მარცვლეული შიმშილის ზღვარზე მყოფ ეთიოპიაში უნდა ჩაიტანოს, მაგრამ აღნიშნული ხომალდი სხვა გემების მსგავსად იძულებულია, გაჩერდეს, რადგან რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ერთადერთი დამნაშავეა იმაში, რომ საკვები ახლა გაძვირდება დასავლეთ აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში აღმოსავლეთ აზიამდე და რუსეთი არის მიზეზი იმისა, რომ ეთიოპიაში, იემენში ან სომალიში მოსახლეობა საკვების კატასტროფული დეფიციტის წინაშეა.
„რა გაიგო მსოფლიომ? თითქოს ვიღაც მარცვლეულის სატვირთოდან უშვებს თვითმფრინავებს. ჯერ მებრძოლ ფრინველებზე ისაუბრეს, მერე მებრძოლ კოღოებზე, ახლა მებრძოლ მარცვლეულზე. ხორბალი არის მკვლელი, რომელიც ახრჩობს რუს „ადმირალებს“. რა შეიძლება ითქვას? ნამდვილი ავადმყოფი ხალხია. მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე. რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ, დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, რომ ცოტა შეანელოს შანტაჟი. მაგრამ არის ეს რეალური? ჯერჯერობით ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულებით. სხვათა შორის, ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს. მარცვლეულის დერეფანი ძალიან კონკრეტული მაგალითია“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.