ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა.
დაჭრილი სამხედროების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებს, რადგან ეს დაეხმარება რუსი სამხედროების გეგმებს.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, უპასუხებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზარს.
„ის მე არ დამირეკავს. მას არ სურს ომის დასრულება. დღეის მონაცემებით, ასეა“, – ამბობს ზელენსკი.
როგორც ზელენსკი აცხადებს, ფული პუტინის სუსტი წერტილია. მისი აზრით, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა შეასუსტებს პუტინის პოზიციას რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც მას მხარს უჭერენ.
„მათი ჯარის ბრძოლის ველზე შესუსტება, მათი შესუსტება მსოფლიოში პოლიტიკური იზოლაციით, შესუსტება სანქციებით – ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ პუტინი გახადონ ღარიბი. ფული მისთვის ნომერ პირველია. თუ მის მესიჯებს უსმენთ, მის გარშემო ყველაფერი ფულია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.