ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მაისის ბოლოს ან ივნისში მოსალოდნელია რუსეთის ახალი შეტევა და „ამისთვის უკრაინა ჯერ მზად არ არის“
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროები, შესაძლოა, ემზადებოდნენ ახალი შეტევისთვის, რომელიც მოსალოდნელია მაისის ბოლოს ან ივნისში. ამის შესახებ ზელენსკიმ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას ახლა დახმარება სჭირდება. ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ჯერ არ არიან მზად რუსეთის კიდევ ერთი დიდი შეტევისგან თავის დასაცავად.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ვითარება უკეთესია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ იყო, როდესაც საარტილერიო საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ტიპის იარაღის დიდი დეფიციტი არსებობდა. მისივე თქმით, უკრაინას ყველაზე მეტად რაც სჭირდება, არის ამერიკული „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები და მეტი არტილერია.
„მოდით, ვიყოთ გულწრფელი, იმ თანხიდან, რომელიც გამოყოფილია კონგრესის, ადმინისტრაციის მიერ, უმეტეს შემთხვევაში, 80%, სულ მცირე, 75%-ზე მეტი, რჩება შეერთებულ შტატებში. ეს საბრძოლო მასალა ჩვენთან მოდის, მაგრამ წარმოება იქ ხდება და ფული რჩება აშშ-ში, გადასახადები რჩება აშშ-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.