ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიშინეუს უკრაინისთვის არ მოუთხოვია დნესტრისპირეთში ჯარის შეყვანა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიშინეუს უკრაინისთვის არ მოუთხოვია დნესტრისპირეთში ჯარის შეყვანა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინელებს შეუძლიათ რეაგირება და დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დნესტრისპირეთი უნდა გაერთიანდეს თავის სახელმწიფოსთან და ისტორიასთან, ანუ მოლდოვასთან. როგორც მედია წერს, ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ დნესტრისპირეთში გავლით იმყოფებოდა და გაუკვირდა, როცა იქ რუსეთის დროშა ნახა და არა – მოლდოვის.
მანამდე სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დნესტრისპირეთის პრობლემა უკრაინის გამარჯვების შემდეგ გადაიჭრება.
„ჩვენ, ყველას გვჭირდება გაერთიანებული მოლდოვური საზოგადოება და გაერთიანებული ქვეყანა – მოლდოვა. ცხადია, ჩვენ გვინდა, გისურვოთ მშვიდობა და ამის გაკეთება ბომბების, არტილერიის, სიკვდილის გარეშე თქვენს ტერიტორიაზე. ცხადია, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ჩვენ ყოველთვის მხარს გიჭერდით და დარწმუნებული ვარ, ეს არანაირი ფანტასტიკა არ გახლავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.