ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ
გერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„კარგი ამბავია გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებითი „პეტრიოტის” სისტემები. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებს, სოფლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უკრაინას დაეხმარება ხალხის დასაცავად რუსული ტერორის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის ორი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.