ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „გამარჯვების გეგმა“ არის გზა მშვიდობის მისაღწევად და გეგმას თვის ბოლოს ჯო ბაიდენს წარუდგენს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „გამარჯვების გეგმა“ არის გზა საიმედო მშვიდობის მისაღწევად და აღნიშნა, რომ ის ამ გეგმას თვის ბოლოს ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგენს.
„ამ თვეში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან. მას წარვუდგენ „გამარჯვების გეგმას“, ანუ ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების სისტემას, რომელიც უკრაინას საკმარის ძალას მისცემს. ძალას, რომ ეს ომი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე წარვმართოთ. „გამარჯვების გეგმას” შეუძლია, გზა გაუხსნას საიმედო მშვიდობას – სამშვიდობო ფორმულის სრული განხორციელებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი მოწინააღმდეგისთვის საგრძნობლად უნდა გართულდეს, რაც ერთადერთი გზაა, რათა რუსეთმა ომის დასრულების აუცილებლობა გაიაზროს.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს ჰქონდა რუსეთთან ომში „გამარჯვების გეგმა“, რომელსაც ის ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს მიმდინარე თვის ბოლოს წარუდგენდა.