ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღების შემდეგ პაუზა ზედმეტად გაჭიანურდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღების შემდეგ პაუზა ზედმეტად გაჭიანურდა, – ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განაცხადა.
უკრაინის ლიდერის თქმით, აშკარაა, რომ რუსეთზე სასანქციო ზეწოლა არასაკმარისია.
როგორც მან აღნიშნა, ეს თვალსაჩინოა, პირველ ყოვლისა, რუსი ტერორისტების დრონებისა და ავიადარტყმების რაოდენობის ზრდის მიხედვით.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი ფორმისა და სქემის აღსაკვეთად. ზელენსკის განცხადებით, რუსეთში ნებისმიერი პროდუქციის მიწოდება, რომელიც მას საშუალებას აძლევს, გაზარდოს სამხედრო წარმოება, უნდა შეწყდეს.
„ეს არის არა მხოლოდ უკრაინის მკაფიო ინტერესი, არამედ ყველასი მსოფლიოში, ვისაც სურს ამ ომის სასწრაფოდ დასრულება. და მე მადლობას ვუხდი მათ, ვინც უკვე აქტიურად გვეხმარება სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაში. უნდა გააქტიურდეს მუშაობა ევროკავშირის ახალ სასანქციო პაკეტზეც. სანქციებში ნებისმიერი პაუზა ახანგრძლივებს რუსულ აგრესიას, ხოლო სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ზედმეტად გაჭიანურდა. აშკარაა, რომ საჭიროა სანქციები რუსეთის ბირთვული დარგის წინააღმდეგ იმისთვის, რასაც რუსეთი აკეთებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე და ასევე როგორც უსაფრთხოების ნაბიჯი საეჭვო რუსული ატომური ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგ. საჭიროა, სასანქციო ზეწოლა გაგრძელდეს ტერორისტი სახელმწიფოს ეკონომიკის სხვა დარგებზეც. მნიშვნელოვანია ასევე, გაფართოვდეს სანქციები ირანის წინააღმდეგ მისთვის სენსიტიურ დარგებში, კერძოდ, აღჭურვილობისა და ქიმიკატების იმპორტთან დაკავშირებით. თითოეული ირანული დრონი, რომელიც დარტყმებს ახორციელებს უკრაინაში ევროპულ ქალაქებზე, არის სასანქციო ზეწოლის მიზეზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.