ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელ კოლეგებს, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების დათმობების იდეას განიხილავენ, მასთან ამ საკითხზე არ უსაუბრიათ, რადგან ეშინიათ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელ კოლეგებს, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების დათმობების იდეას განიხილავენ, მასთან ამ საკითხზე არ უსაუბრიათ, რადგან ეშინიათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც განიხილავენ უკრაინის ტერიტორიების დათმობების იდეას ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, მასთან ამ საკითხზე არ უსაუბრიათ, რადგან ეშინიათ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არასდროს უთქვამთ, ჩვენთვის ამის თქმის ეშინიათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა ამ ოფიციალურ პირებს, ეს წინადადება უკრაინელების „მაგიდაზე“ ღიად დადონ.

„მესამე მხარის მეშვეობით კი არა, არამედ ღიად ისაუბრეთ ჩვენთან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ამბობს, რომ ღიაა სხვა ქვეყნების სამშვიდობო წინადადებებისთვის, თუ ისინი რეალურია, თუმცა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალური მოწვევა არის ერთადერთი გზა უკრაინისთვის, რომ აიძულოს რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

ზელენსკიმ ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემების ან F-16-ების მიწოდების შესახებ დისკუსიებს შეადარა და აღნიშნა, რომ დასავლეთი თავდაპირველად უარს ამბობდა მათ მიწოდებაზე, შემდეგ კი თანდათანობით აზრი შეიცვალა.

„ეს ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ იცის, რა მხარდაჭერას შესთავაზებს აშშ უკრაინას არჩევნების შემდეგ.

მისივე თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გადამწყვეტი იქნება უკრაინის მომავლისთვის.

„ჩვენ ვხედავთ ორ სხვადასხვა გზას. იქნება ეს უფრო პოზიტიური? თუ ნაკლებად პოზიტიური? გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი. ძალიან მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ხალხისთვის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.