ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება. ამის შესახებ მან ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პაუზა ბრძოლის ველზე, უკრაინის ტერიტორიაზე – ეს არ არის პაუზა ომში. ეს არ ნიშნავს, რომ არის ომის შეწყვეტა და ამას არ მივყავართ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისკენ. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის მოცულობები, რამდენს, რას აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, ყოველდღიურად რამდენ დრონს, არტილერიას აწარმოებენ. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ მათ დრონების, არტილერიის დიდი დეფიციტი აქვთ, ასევე რაკეტების“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობს ირანისგან და ცდილობს, რაკეტების მიწოდებაზე მიაღწიოს შეთანხმებას, ასევე მიიღოს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და ზოგიერთი რაკეტა ჩრდილოეთ კორეისგან.

„რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ისინი ვერ ასწრებენ. იმიტომ, რომ მათი საწყობები ცარიელი იყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ. მაშინ ისინი მოვიდნენ დაგროვილი შეიარაღების დიდი რაოდენობით, ახლა კი… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პაუზა უბრალოდ გაყინული კონფლიქტი არ იქნება, ეს იქნება პაუზა, რომელიც აგრესორს დაეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი დაეთანხმა ჟურნალისტს, რომ „მსოფლიო ასევე ვერ ასწრებს უკრაინისთვის მარაგების შევსებას“. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ეხმარება უკრაინას, რუსეთი კი ახლა დეფიციტს განიცდის.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ეს დეფიციტი მათ მდგრადობაზე ბრძოლის ველზე. მივცეთ პაუზა? გავრისკოთ? მივცეთ 2-3 წელი რუსეთს, რომ შემდეგ გადაგვიაროს? ჩვენ ასე არ გავრისკავდით. მადლობა ღმერთს, რომ ყველა გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე მიიღება და ამიტომ რუსეთის სასარგებლოდ პაუზები ნამდვილად არ იქნება“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.