ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არიან ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არიან ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, უბიძგებს თუ არა ვინმე მას რუსეთთან კომპრომისებისკენ.
„ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით იქ (რუსეთთან მოლაპარაკებებზე). ჩვენთვის იქ ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია. ამიტომ მე არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს არ იქნება „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან პრაგმატული ურთიერთობები, რადგან ისინი ძალიან საშიშები არიან. ახლა ჩვენ ვხედავთ მათი პოლიტიკის შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა უსაფრთხოების ძლიერი სისტემის შექმნა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ ელოდა რუსეთისგან ასეთ სისასტიკეს და აგრესიულობას და ეს, მისი თქმით, უკრაინის პოლიტიკური წრის ყველაზე დიდი შეცდომაა.