ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომის დასრულების გეგმა, რომელსაც ის გადასცემს აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს. ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის ოლქში ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
ზელენსკის ჰკითხეს, მართლა ჩაიშალა თუ არა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის გამო კატარში დაგეგმილი მოლაპარაკებები, სადაც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ უნდა ემსჯელათ? აგვისტოს დასაწყისში „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს დელეგაციები უნდა გაეგზავნათ კატარში ორივე მხარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმების მისაღწევად. კითხვის საპასუხოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ონლაინ ჩატარდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოპერაცია არ უკავშირდება „მშვიდობის ფორმულის“ არცერთ პუნქტს, თუმცა დაკავშირებულია მშვიდობის სამიტთან, რადგან ის არის „უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტი“.
„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ომის დასრულებაც. კურსკის ოპერაცია ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გეგმა ასევე მოიცავს დამატებით ნაბიჯებს დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფრონტზე, მათ შორის ძლიერ პაკეტს, რომელიც აიძულებს რუსეთს, დიპლომატიური გზით დაასრულოს ომი.