ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ 40 ათასამდე რუსი სამხედროა მოკლული, რის შესახებაც რუსეთის მთავრობა დუმს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 40 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და რუსეთის მთავრობა ამის შესახებ დუმს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვინმე თუ ინარჩუნებს კონტაქტს რუსეთთან ან აქვს ინფორმაციული გავლენა რუსულ საზოგადოებაზე, ეს ამბავი მათთან უნდა მიიტანოს.
„უკვე ოთხი თვეა, რუსეთის მთავრობა არ ეუბნება საკუთარ მოსახლეობას არანაირ ინფორმაციას ოკუპანტების დანაკარგების შესახებ. სრული დუმილი. არაფერი გამოქვეყნებულა და თქმულა პოლიტიკოსებისა თუ სამხედრო მაღალჩინოსნების ინტერვიუებში. ეს რიცხვი კი უკვე თითქმის 40 ათასია – სწორედ ამხელა დანაკარგი აქვს რუსეთის არმიას 24 თებერვლის შემდეგ. კიდევ ათი ათასობით დაჭრილია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიან მოქალაქეებზე სარაკეტო იერიშებს.
„დღეს ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს იერიში ოდესის ოლქზე, ისევ რაკეტებით, ისევ საცხოვრებელ სახლებზე. რაკეტებით, რომლებიც განკუთვნილია სამხედრო ხომალდებისა და ობიექტების გასანადგურებლად. ზუსტად ასეთი მძიმე შეიარაღებით ანადგურებს რუსეთის არმია ზღვასთან ახლოს საცხოვრებელ სახლებს. ხალხი იქ ცხოვრობდა, ისვენებდა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.