ვოლოდიმირ ზელენსკი - რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ, ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა
უკრაინის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორიების გათავისუფლების ტემპი. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ რაიონებში სტაბილიზაციის, ჩვენი ჯარების წინსვლის, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და პარტნიორების მხარდაჭერის ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ. უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოძრაობის ტემპს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას ახდენს და იქ პოზიციები იმდენად მყარად უკავია, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.
„ჩვენ ვაფრთხილებდით. რუს სამხედროებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ – ჩვენი მიწიდან გაქცევა ან ტყვეობა. კოლაბორაციონისტებს მსგავსი ვარიანტები აქვთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლიციას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მართლწესრიგის სწრაფი აღდგენისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. უკრაინა ასევე მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.