ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა გავაგრძელოთ დიალოგი რუსეთის შესაძლებლობების შესამცირებლად, დააფინანსოს ომი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელთა შედეგადაც, რუსეთი თავის ენერგეტიკულ მრიცხველებზე ნულს დაინახავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, დააფინანსოს ომი. კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო-აგრესორს ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ევროკავშირის სასანქციო პაკეტების არსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, იპოვონ გზა, რომ აიძულონ რუსეთი, შეასრულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნა, რაც ზაპოროჟიეს სადგურის დემილიტარიზაციას გულისხმობს.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მსოფლიოს, პასუხი აგებინონ რუსეთს, როგორც აგრესორ სახელმწიფოს ომის დანაშაულებისთვის. მისი თქმით, ევროპა შეიძლება გახდეს ლიდერი, რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე მომუშავე ტრიბუნალისა და ზარალის კომპენსაციის მექანიზმის შექმნაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ არსებულ პირობებში რუსეთთან დიპლომატია შესაძლებლად არ მიაჩნია.
„დიპლომატია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, როდესაც იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია შეუძლებელია. შეუძლებელია იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. შეუძლებელია, იყოს პატივისცემა ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იპყრობს, პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეუძლებელია ისეთი სიტუაცია, როდესაც წამყვანი ევროპული სახელმწიფოები და მსოფლიო მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის იზოლირებას ახდენენ, ხოლო „ზოგიერთი სახელმწიფო განაგრძობს საუბარს, თითქოს არაფერი მომხდარა“.
„ამიტომ, ვფიქრობ, დღეისთვის რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია – მნიშვნელოვანია ზეწოლაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა იცოდნენ, ომი უკრაინაში მიმდინარეობს იმ ხელისუფლების გამო, რომელიც მათ აირჩიეს.