დრონების თავდასხმის შემდეგ ვოლგოგრადის ოლქში, სამხედრო აეროდრომზე ხანძარია
დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე ხანძარია. საუბარია ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკას სამხედრო აეროდრომზე. ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, მარინოვკაზე თავდასხმა მოგერიებულია და დრონების უმეტესობა განადგურებულია.
„უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად თავდაცვის სამინისტროს ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა უკვე მიმდინარეობს, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ბოჩაროვმა.
ადგილობრივი მცხოვრებლები აქვეყნებენ მომხდარის ფოტოებს, ვიდეოებს და იუწყებიან, რომ ესმოდათ დრონების ფრენის, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობისა და აფეთქებების ხმა. როგორც ცნობილია, სამხედრო ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
NASA-ს მონაცემებით, 22 აგვისტოს ღამეს მარინოვკას აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა.
19 აგვისტოს ამავე ავიაბაზის თანამგზავრით გადაღებულ სურათებზე 30 სამხედრო თვითმფრინავი და რვა სატვირთო მანქანა ჩანს.
Wikimapia-ს მონაცემებით, დრონებმა, შესაძლოა, ასევე დააზიანეს რაკეტების საწყობი აეროდრომის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ვოლგოგრადის ოლქის თავზე 13 დრონი ჩამოაგდეს. კიდევ შვიდი გაანადგურეს როსტოვის, ოთხი – ბელგოროდის, ორი – ვორონეჟის და თითო-თითო – ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში.
ამ რეგიონების ხელმძღვანელების თქმით, დაზარალებულები არ არიან. ბელგოროდის ოლქში დაზიანდა ორი კერძო სახლი და ავტომობილი. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რეგიონები რეგულარულად ხდებიან დაბომბვებისა და დრონების თავდასხმების სამიზნე.