ვოლფგანგ სობოტკა - ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, ამ თანამშრომლობით ორივე მხარემ ისარგებლა
ავსტრია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მიმართულებებით, – ამის შესახებ ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველმა პრეზიდენტმა, ვოლფგანგ სობოტკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ და ვოლფგანგ სობოტკამ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ამასთან, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველი პრეზიდენტის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.
„ავსტრია არის საქართველოს პარტნიორი „ტვინინგის“ პროგრამაში და არის ერთი-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში“. ჩვენ დავსახეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები. ავსტრია დაინტერესებულია სოფლის მეურნეობისა და სატყეო სფეროებში თანამშრომლობით და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, ასევე, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, ამ თანამშრომლობით ორივე მხარემ ისარგებლა“, – განაცხადა ვოლფგანგ სობოტკამ.
ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სპიკერი უკვე შეხვდა ავსტრიის იუსტიციის მინისტრ იოზეფ მოზერს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენის დიპლომატიურ აკადემიასაც ეწვევა, სადაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრებს.