ვოლფგანგ ჰერმანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები, – აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ფილმში, რომელშიც საუბარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე.
„ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს საუკეთესო „ტვინებთან“ ერთად. უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები. შედეგად, ძალიან მალე გვეყოლება სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ისწავლიან ახალ უნივერსიტეტში“, – ამბობს ვოლფგანგ ჰერმანი.
მისი თქმით, მთავარი მიზანია ახალი უნივერსიტეტის მხარდაჭერა, პროფესორებისა და სტუდენტების საერთაშორისო ჯგუფების შექმნა.
როგორც ჰერმანი აღნიშნავს, მისთვის ძალიან სასიხარულოა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად არჩევა.
„ჩვენი უნივერსიტეტის მთავარ დარბაზში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მე ამირჩიეს საპატიო პრეზიდენტად ჩემს თანამდებობაზე ყოფნის 24 წლის შემდეგ, რაც რეკორდული მაჩვენებელია მთელ ევროპაში. ასევე გახლავართ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, რაც ძალიან სასიხარულო და საპატიოა. ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. დახმარება ჩემი მხრიდან განხორციელდება ჩემი კარგად გამართული გლობალური ქსელის მეშვეობით, რათა წარმატებული თავი დაიწეროს ახალი უნივერსიტეტის ისტორიაში“,- აცხადებს ვოლფგანგ ჰერმანი.
მისი თქმით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია თავისი უზარმაზარი სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიური, სამედიცინო და ეკონომიკური ცოდნის გაზიარება ახალდაარსებული უნივერსიტეტისთვის და ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
„სამეწარმეო სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი გულისხმობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შეტანას ბაზარზე საინტერესო პროდუქტების და პროცედურების სახით, რამაც უნდა მოიტანოს ფინანსური სარგებელი. ეკონომიკას სჭირდება ფული, რათა ისევ კვლევებსა და განათლებას დაუჭიროს მხარი. ჩემი აზრით, საქართველოს ახალი უნივერსიტეტის მთავარი სარგებელი მდგომარეობს იმ სულისკვეთებაში, რომლის გადანერგვაც შესაძლებელია მიუნხენის უნივერსიტეტიდან. ჩემი წარმოდგენით, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი გაიხსნება, ჩვენ უნდა განვახორციელოთ აქტიური გაცვლითი ვიზიტები ყველა დონეზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ გერმანელი სტუდენტები მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ისევე, როგორც ქართველი სტუდენტები გერმანიაში“, – განაცხადა ჰერმანმა.