ვოლფგანგ ჰერმანი - ოცნებები ვერასოდეს ახდება, თუ ადამიანების ხელგაშლილობა არ სდევს თან, ბიძინა ივანიშვილმა ძალისხმევა არ დაიშურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის
ოცნებები ვერასოდეს ახდება, თუ ადამიანების ხელგაშლილობა არ სდევს თან. ბიძინა ივანიშვილმა ძალისხმევა არ დაიშურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პატივია 150-წლიანი ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს უნივერსიტეტთან.
„ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის ქართული ოცნება. ნამდვილად საერთაშორისო და გლობალური უნივერსიტეტის დაარსება, აი, ეს არის ახდენილი ოცნება! ჩვენი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პატივია 150-წლიანი ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს უნივერსიტეტთან.
ოცნებები ვერასოდეს ახდება, თუ ადამიანების ხელგაშლილობა არ სდევს თან. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის. ამიტომ მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ და მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასეთი მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, საუბარია ერთ მილიარდ ევროზე. ბატონი ბიძინა არის ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი. ეს შეიძლება, მისაბაძი გახდეს სტუდენტებისთვის. სწორედ ამიტომ ვეუბნები ახალგაზრდებს, რომ მომავალში ირწმუნონ საკუთარი თავის, თავიანთი შესაძლებლობებისა და ნიჭის. ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ უნარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში“, – აღნიშნა ვოლფგანგ ჰერმანმა.