„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის
„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის

რუსი ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ვოლ სთრით ჯორნალი.“

ამერიკული გამოცემის თანახმად, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის.

„ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ნავთობის გადამტანები და მწარმოებლები ბაზრებს რუსულ პროდუქტს წარმოშობის ადგილის დაფარვით აწოდებენ.

მედიის ცნობით, საწვავი, რომელიც სავარაუდოდ, ნაწილობრივ დამზადებულია რუსული ნედლი ნავთობისგან, გასულ თვეში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში შეიტანეს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის ტერიტორიაზე ნავთობი სუეცის არხის და ატლანტის ოკეანის გავლით ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან შევიდა, რომლებიც რუსული ნავთობის მთავარი მყიდველები არიან.

გამოცემა წერს, რომ რუსეთში წარმოებული ნავთობი ასევე იტუმბება გემებზე ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, ასევე დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე, შემდეგ კი, შეცვლილი წარმოშობის მითითებით, მიეწოდება არა მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთს, არამედ ევროპის ქვეყნებსაც.