„უოლ სთრით ჯორნალი“ - გერმანია რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგია
„უოლ სთრით ჯორნალი“ - გერმანია რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგია

გერმანია რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგია, – ამის შესახებ აღნიშნულია „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში.

სტატიის თანახმად, გერმანია შიშობს, რომ თანხების ჩამორთმევა, და არა – გაყინვა, შეიძლება, გახდეს პრეცედენტი და გამოიწვიოს ახალი სარჩელები ბერლინის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დანაშაულებებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინმა კომპენსაცია გადაუხადა მოკავშირე ძალებს და მაშინდელ საბჭოთა კავშირს.

ებრაული ორგანიზაციების ცნობით, გერმანიამ 90 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა „ჰოლოკოსტს“ გადარჩენილ ადამიანებს და მათ ოჯახებს 1952 წლიდან.

სტატიის მიხედვით, ახლახან გაჩნდა განახლებული მოწოდებები შემდგომი რეპარაციების შესახებ. 2022 წლიდან პოლონეთმა ბერლინისგან 1.3 ტრილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა, ხოლო საბერძნეთი 2019 წლიდან 300 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს.

იტალიის სასამართლოებმა გერმანიას ბოლო წლებში ასევე დააკისრეს რესტიტუციის გადახდა ოკუპაციის მსხვერპლთა ოჯახებისთვის. შემდეგ ზოგიერთმა იტალიურმა სასამართლომ სცადა გერმანიის სახელმწიფო აქტივების კონფისკაცია, მათ შორის, იტალიაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც ეკუთვნის გერმანულ სკოლებს და კულტურულ, ისტორიულ და არქეოლოგიურ დაწესებულებებს.

„ვოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად, გერმანია ამტკიცებს, რომ რუსული აქტივები ხელუხლებელი უნდა დარჩეს, რომ ისინი გამოიყენონ, როგორც ბერკეტი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში და აიძულონ რუსეთი, დათმოს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ნაწილი. ანალიტიკური ცენტრის, „პისმის“ ხელმძღვანელმა, სლავომირ დებსკიმ თქვა, რომ ბერლინის უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი რუსული აქტივების ჩამორთმევაზე შეიძლება იყოს ის, რომ ის იცავს გერმანულ კომპანიებს შურისძიებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ იქ მუშაობენ.

ჯგუფი „დატოვე რუსეთი“, რომელიც მხარს უჭერს დასავლური კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გასვლას, ამბობს, რომ რუსეთში ჯერ კიდევ 272 გერმანული კომპანია მუშაობს.