„ვოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან სამხედრო მოსამსახურეების და შეიარაღების გაყვანა დაიწყო
„ვოლ სთრით ჯორნალი“ - აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან სამხედრო მოსამსახურეების და შეიარაღების გაყვანა დაიწყო

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნიდან სამხედრო მოსამსახურეების და შეიარაღების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ პენტაგონს ერაყიდან, ქუვეითიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან „პატრიოტის“ სისტემის რვა საზენიტო-სარაკეტო ბატარეა გააქვს. არსებული ინფორმაციით, აშშ-მა საუდის არაბეთიდან უკვე გაიტანა „მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის ტერმინალი“, იგივე „ტაადის“ სისტემა, რეგიონისთვის განკუთვნილი ავიაგამანადგურებლების რაოდენობა კი შემცირდება.

„ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ავღანეთის მისიის დასრულების ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, ძალების დიდი ნაწილი ჩინეთის წინააღმდეგ მიმართოს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა ირანის, როგორც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგის, მიმართ ორიენტირებულია მოლაპარაკებებსა და 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შესწორებულ ვერსიაში ხელახლა შესვლაზე. ამის გამო, პენტაგონის ოფიციალური პირები ომის შემცირებულ რისკს ხედავენ“, – წერს „ვოლ სთრით ჯორნალი.“