ვლადიმირ ზელენსკის ბრძანების მიხედვით, ზოგიერთ ფიზიკურ პირსა და რუსულ კომპანიას სანქციები მოეხსნა, ზოგიერთს კი, გაუხანგრძლივდა
უკრაინის ხელისუფლებამ განაახლა იმ ფიზიკური პირებისა და კომპანიების სიები, რომელთა წინააღმდეგაც 2017 წელს სანქციები დაწესდა. სანქციების მოქმედების ვადა 2020 წლის მაისში იწურებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შედის ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება „პერსონალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების დაწესების, გაუქმებისა და ცვლილებების შესახებ“. განახლებულ „შავ სიაში“ 377 ფიზიკური და 235 იურიდიული პირია.
სიას დაემატა ახალი სახელები, ასევე რამდენიმე პირსა და კომპანიას სანქციები მოეხსნა.
როგორც უკრაინული ტელეკომპანია 112 იტყობინება, იმ პირებს შორის, რომლებსაც მოეხსნა სანქციები, არის იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი ალექსანდრა მუსოლინი. ის 2018 წლის ნოემბერში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის არაღიარებულ არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფებოდა. ასევე, შეზღუდვები მოეხსნა ცხრა ფიზიკურ პირს, რომელთაგან ხუთი, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „საარჩევნო კომისიების“ წევრია.
ამას გარდა, ვლადიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს რუსული პროგრამული უზრუნველყოფის დაშვებას უკრაინულ ბიზნესსტრუქტურებსა და სახელმწიფო ორგანოებში.
„შავი სიიდან“ ასევე ამოიღეს რუსული საინფორმაციო სისტემების მწარმოებელი რუსული კომპანია „პარუსი“. ამას გარდა, სანქციები მოუხსნეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამ კომპანიას, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირი.
ამავე განკარგულებით, სანქციები გაუგრძელდა რუსულ სოციალურ ქსელებს, როგორებიცაა „ოდნოკლასნიკი“ და „ვკონტაქტე“.„შავ სიაში“ სულ მოხვდა 28 მედიაკომპანია როგორც რუსეთიდან, ისე ანექსირებული ყირიმიდან.
ამას გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის მუზეუმებს, უმაღლეს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, კერძოდ სახელმწიფო ერმიტაჟს, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმს, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რუსულ გეოგრაფიულ საზოგადოებას, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ინსტიტუტს. კიევმა უკრაინის ტერიტორიაზე აღნიშნული დაწესებულებების აქტივები დაბლოკა, შეაჩერა კულტურული გაცვლითი პროგრამები, სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა კონტაქტები.