ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის დაცვაში მონაწილე უცხოელებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა
ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის დაცვაში მონაწილე უცხოელებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც სამშობლოში პოლიტიკური მოტივით დევნიან, ასევე უცხოელები, რომლებიც უკრაინის დაცვაში მონაწილეობას იღებდნენ.

ზელენსკის შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად მსურველმა უცხოელებმა წინა მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვან. ამას გარდა, ვლადიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს დაავალა შეიმუშაონ და უმაღლეს რადას წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც გაამარტივებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას უცხოელი სამხედროებისთვის და რუსებისთვის, რომლებსაც სამშობლოში დევნიან. ამასთანავე, პრეზიდენტმა მთავრობას თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონპროექტის შემუშავებისთვის სამთვიანი ვადა მისცა.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში მონაწილე 14 პირს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის განკარგულებითვე, 18 ივლისს მოქალაქეობა კიდევ ცხრა უცხოელმა მებრძოლმა მიიღო, მათ შორის ერთმა ქართველმა.

მანამდე, 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა.