ვლადიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია
ვლადიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პოლონეთის დედაქალაქში ვარშავაში შეხვდა.

პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებასა და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.

ორი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიპატიჟა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებასა და გლობალურ საფრთხეებს.

„დიდი ინტერესია და ვლადიმირ ზელენსკიმ შემოგვთავაზა არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ მოვამზადოთ რაღაც ერთობლივი დოკუმენტი, სტრატეგია, როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად, ერთი მხრივ, კონფლიქტების მოგვარების და მეორე მხრივ, ევროკავშირის მიმართულებით ახალი ენერგიით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან. პრეზიდენტი სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნასა და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში.