ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ადგენს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ადგენს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.
დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს რადას პრეზიდენტის გადაყენების უფლება მხოლოდ მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აქვს, მათ შორის სახელმწიფო ღალატის.
ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, რადამ უნდა შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტისა და გარემოებების გამოსაძიებლად.
კომისიის სხდომა უნდა იყოს ღია იმ შემთხვევის გარდა, როდესაც განხილული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.
პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტმა უნდა მიმართოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს, მათი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს რადას სრული შემადგენლობის 75%-ზე მეტი.
იმპიჩმენტის შესახებ კანონი ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში ინაუგურაციიდან ცხრა დღის შემდეგ, 29 მაისს წარუდგინა. კანონპროექტი უმაღლესმა რადამ 245 ხმით 226-ის წინააღმდეგ 10 სექტემბერს დაამტკიცა.