ვლადიმირ ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ირანში, უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა.
„საშინელი ამბავია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი. ჩვენი საელჩო ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს“,- წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი 170 ადამიანი. ავიაკატასტროფის მიზეზის წინასწარ ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.