ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთის ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე
ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთის ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე

რუსეთის ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე, – აღნიშნული განცხადება უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა. პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის პასპორტის გამარტივებული წესით მიღება არა მხოლოდ დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებმა, არამედ ყველა უკრაინელმა შეძლოს.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელების უმეტესობას აღნიშნული შეთავაზება არ მოხიბლავს.

ამასთან, უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს ყველა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.

„რუსეთის ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე. შეიძლება, აღმოჩნდეს ვინმე, რომელიც დღემდე რუსეთის პროპაგანდის ქვეშაა. შეიძლება, ზოგიერთმა ეს შემოსავლის მიღების ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით გააკეთოს. ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ ვლადიმერ პუტინს უკრაინის იმ მოქალაქეების სია, რომლებიც ცოტა ხანში არაკომფორტულად იგრძნობენ თავს იმ ქვეყანაში, რომელსაც ცინიკურად ძარცვავდნენ და თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ. ამის შემდეგ რუსეთმა თავად გადაწყვიტოს, სად უფრო საჭიროები არიან ასეთი „პროფესიონალები“ – როსტოვში თუ მაგადანში“, – წერს უკრაინის არჩეული პრეზიდენტი.

ზელენსკი პირობას დებს, რომ „უკრაინა არ იტყვის უარს თავის მისიაზე და დარჩება სამაგალითო დემოკრატიად პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

მისი თქმით, ამ მისიის ნაწილი იქნება ყველა იმ ადამიანის დაცვა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.

„ჩვენ თავშესაფარს მივცემთ და დავეხმარებით ყველას, ვინც მზადაა, ჩვენს მხარდამხარ იბრძოლოს, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ უკრაინის მოქალაქეობას ყველა ერის წარმომადგენელს, ვინც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმებისგან იტანჯება. პირველ რიგში, ეს ეხება რუსებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად იტანჯებიან“, – წერს ზელენსკი პუტინისადმი მიმართვაში.

ამასთან, როგორც ის მიმართვაში აღნიშნავს, მზადაა დიალოგისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა ზელენსკის თქმით, „ეს მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ მოხდება“.