ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ევაკუირებულების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ ჩინეთიდან ევაკუირებული პირების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამის შესახებ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ ვიღაც შეგნებულად და გამიზნულად თესავდა ხალხში პანიკას, შემდეგ კი აქეზებდა ამ სიველურისკენ. დამკვეთები და ორგანიზატორები პასუხს აგებენ.
კამერებმა დააფიქსირა ბევრი ადამიანის სახე, რომლებიც მასობრივი არეულობების ორგანიზებას ახორციელებდა. ისინი არიან მსოფლიოში ცნობილი „ვირუსოლოგები“ სპორტულ კოსტუმებში. მანამდე ისინი უკვე იყვნენ შემჩნეულნი როგორც „პატივცემული მიწათმფლობელები“, რომლებიც მიწის ბაზრის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყველა მათგანს მინდა ვუთხრა: არის მომენტები, როდესაც არ არსებობს ხელისუფლების ან ოპოზიციის ინტერესები, არსებობს უკრაინის ინტერესები. ასეთ მომენტებში მას სჭირდება არა ყალბი, არამედ ნამდვილი სოლიდარობა. ასეთ დროს გამარჯვება და დამარცხება საერთოა, პასუხისმგებლობაც საერთოა – ზოგიერთისთვის პოლიტიკური, ზოგიერთისთვის კი, კრიმინალური“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრ უხანის პროვინციიდან მოქალაქეების დაბრუნების საკითხი უკრაინის საზოგადოებისთვის გამოცდად შეაფასა.
„ყველა ერის ისტორიაში არის დროს, როდესაც მას რთული გამოცდის ჩაბარება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს. ჩვენ ვართ თუ არ ვართ? ჩვენ ბრბო ვართ თუ ერთიანი ხალხი? ჩვენ ჯოგი ვართ თუ ერი? ჩვენ მცხოვრებლები ვართ თუ მოქალაქეები? ეს გამოცდა ჩვენ არაერთხელ წარმატებით ჩავაბარეთ. კორონავირუსთან და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებული ისტორია საზოგადოებისთვის მორიგი გამოცდაა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
„თითოეულმა უკრაინელმა მკაფიოდ უნდა იცოდეს: „ჩემი სახელმწიფო მე არ მიმატოვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვარ მე – დატყვევებული მეზღვაური, პოლიტიკური პატიმარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სარდაფში აღმოჩენილი აქტივისტი, ახალგაზრდა გოგონა ძაღლით თუ უბრალოდ რიგითი ადამიანი, რომელიც ახალი ვირუსის ეპიცენტრში აღმოჩნდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის თითოეული უკრაინელი შეუცვლელია.
ზელენსკიმ ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მიმართა, მათ ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოხარულია, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.
უკრაინაში, ქალაქ ნოვი სანჟარიში მომიტინგეები თავს დაესხნენ ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს.