ვლადიმირ ზელენსკი - ირანი 8 იანვარს ჩამოგდებულ უკრაინულ თვითმფრინავთან დაკავშირებით დაპირებებს თუ არ შეასრულებს, საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ
უკრაინამ შესაძლოა, ირანს საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა „გლოუბ ენდ მეილთან“ განაცხადა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, თუ ირანი 8 იანვარს ჩამოგდებულ უკრაინულ თვითმფრინავთან დაკავშირებით გაკეთებულ დაპირებებს არ შეასრულებს, უკრაინას საერთაშორისო სასამართლოების გარდა სხვა არჩევანი არ დარჩება.
„საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ ირანი ჩვენ შავ ყუთებს არ გვიბრუნებს. საუბარი მათ დაპირებებზეც. ირანმა ბოდიში ოფიციალურად უნდა მოგვიხადოს და ადეკვატური კომპენსაციები გადაიხადოს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი ასევე აგვიანებს საბორტო ჩანაწერების კიევში გაგზავნას და მიზეზად პანდემიას ასახელებს, თუმცა ზელენსკის თქმით, უკრაინა უსასრულოდ ვერ მოიცდის.
უკრაინული თვითმფრინავი 8 იანვარს, თეირანთან ახლოს ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.