ვლადიმირ ზელენსკი ინაუგურაციის 19 მაისს გამართვის ინიციატივით გამოვიდა
უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ინაუგურაციის 19 მაისს გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ამ თარიღის შესახებ მან უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისაც მისწერა.
„მიმაჩნია, რომ ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს 19 მაისს. სწორედ ამ თარიღზე ვისაუბრე პარლამენტის ფრაქციების ლიდერებთან და სწორედ ეს თარიღია დასახლებული პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთვის გაგზავნილ წერილში. იმედი მაქვს, რომ დეპუტატები ჩვენს წინადადებას დათანხმდებიან და 14 მაისს დაგეგმილ სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. მათ შორის, პარლამენტთანაც. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინის ხალხისთვის, იმ უცხოელი სტუმრების, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი ღონისძიებას დაესწრონ, და ასევე პირადად ჩემთვისაც“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კანონმდებლობით, თუ უკრაინის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის იანუგურაციას 27 მაისამდე არ დანიშნავს, მაშინ ზელენსკი რადის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ვერ შეძლებს.
ამასთან, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნის საფუძველი არ არსებობს. „ასეთი საფუძველი რომც გაჩნდეს, ახალი პრეზიდენტი ამას მაინც ვერ მოასწრებს“, – განაცხადა პარუბიმ.