ვლადიმირ ზელენსკი - ევროკავშირისა და აშშ-ის ამჟამინდელ სანქციებს რუსეთი უკვე მიეჩვია, სხვების ტერიტორიებს იტაცებს და ევროპას ემუქრება
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებთან ერთად ცხოვრებას მიეჩვია, სხვების ტერიტორიებს იტაცებს და ევროპას ემუქრება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს განცხადება ზელენსკიმ ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამჟამინდელი სანქციები უკვე არ მუშაობს. რუსეთი მიეჩვია ამასთან ცხოვრებას, სხვების ტერიტორიებს იტაცებს და ევროპას ემუქრება. არ შეიძლება, რომ მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს დაუშვას. ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭიროა, არა უბრალოდ ზეწოლა, არამედ სასანქციო პოლიტიკის ახალი ფორმატი“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.