ვლადიმირ ზელენსკი - ევროკავშირის ლიდერებს სურთ, რომ უკრაინამ რუსეთთან საუბარი დაიწყოს
ევროკავშირის ლიდერებს სურთ, რომ უკრაინამ რუსეთთან საუბარი დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პრესმარათონის დროს განაცხადა.
ზელენსკი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს უახლოეს პერიოდში კონტაქტი ექნება რუსეთის ფედერაციასთან.
„მე ყოველდღიურად ვესაუბრები სხვადასხვა ლიდერს. გუშინ იყვნენ შარლ მიშელი და ანგელა მერკელი. მათ ძალიან სურთ, რომ ჩვენ მათთან ერთად დავიწყოთ საუბარი რუსეთის ფედერაციასთან. მათ სურთ ჩვენი ადმინისტრაციისა და რუსეთის ადმინისტრაციის კონტაქტი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ერმაკს ექნება მათთან კონტაქტი. ჩვენ სავსებით არ ვართ წინააღმდეგი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან დონბასში ესკალაცია შეიძლება, ნებისმიერ დღეს მოხდეს, თუმცა ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამჟამად დაშინება მიმდინარეობს.
„მინდა, ვთქვა, რომ ზოგიერთი პლატფორმიდან, მედიიდან ნამდვილად მიმდინარეობს დიდი დაშინება, რომ ხვალ იქნება ომი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კიევი მზად არის ნებისმიერი ესკალაციისთვის.