ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა
ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ, – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში ჟურნალისტების კითხვას, რომელიც თეთრი სახლის ინფორმაციას ეხებოდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ეთანხმება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ამ შეფასებას.
„ვთვლი, რომ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, საუბრობენ თარიღებზეც. გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ. მე ვერ დავეთანხმები ან უარვყოფ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს.
შეგახსენებთ, უკრაინაში მყოფ ამერიკის რიგით მოქალაქეებს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ გუშინ მოუწოდა. მოგვიანებით, მსგავსი განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ წუთს, თუნდაც ოლიმპიადის მიმდინარეობისას შეიჭრას.