ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა, შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების წარმოდგენა დონბასში ომის დასრულების გარეშე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოჩართვით 20-ზე მეტი დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორის და კონგრესმენისგან შემდგარ ჯგუფს ესაუბრა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი ვითარება იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია არსებული მოლაპარაკებების ფორმატებში – ნორმანდიის, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფისა და მინსკის პროცესის ფარგლებში მშვიდობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ გადამწყვეტი მოქმედება. ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა. შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების წარმოდგენა დონბასში ომის დასრულების გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, საუბარი იყო რუსეთის ფედერაციაზე სანქციებით ზეწოლის გაზრდისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინა-აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პრობლემები, აღნიშნეს ამ გეოპოლიტიკური პროექტის რისკები, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ იარაღს უკრაინისა და მთელი ევროპის კონტინენტის წინააღმდეგ.