ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი მეგობრის ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნაზე პასუხი ძლიერი იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მის თანაშემწე სერგეი შეფირზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა ვიდეომიმართვით, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა პასუხი ძლიერი იქნება.
„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დედაქალაქში მივდივარ. ვინ დგას ამის უკან, გულწრფელად ვიტყვი, ჯერ არ ვიცი, რა სახის ძალები შეიძლება იყვნენ – გარეგანი თუ შინაგანი, მაგრამ მე მათ ძალებად არ მივიჩნევ, რადგან „გამარჯობა“ გამომიგზავნო ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილზე სროლით, ეს სისუსტეა. მაგრამ, აი, პასუხი ძლიერი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის განმარტებით, ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კურსზე, რომელიც მისმა გუნდმა აირჩია ცვლილებებისკენ, ეკონომიკის გახსნისკენ, კრიმინალთან და დიდ ფინანსურ ჯგუფებთან ბრძოლისკენ.
თავად სერგეი შეფირმა მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი.
„მიზეზი არ მესმის. მანქანით მივდიოდით და უცებ სროლა დაიწყო. მძღოლი დაჭრეს, მაგრამ ის არ გაჩერებულა და ავტომობილი ავაჩქარეთ. საშინელება იყო. სასწრაფოდ პოლიციას და შს მინისტრს დავურეკე“, – აღნიშნა შეფირმა.
აქვე, მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ვერსიებს, თითქოს ეს თავდასხმა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გუნდში არსებულ უთანხმოებასთან. შეფირი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების დაშინების მცდელობა იყო.
კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია მძღოლი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა. თავად სერგეი შეფირი არ დაშავებულა.