ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის გარკვეულ წარმომადგენლებს შორის განიხილებოდა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სახელმწიფო გადატრიალება 1-2 დეკემბერს იგეგმებოდა.
„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც ასე ვთქვათ, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა და ა. შ.“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ცდილობენ, ბიზნესმენი ახმეტოვი ჩაითრიონ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში.
„მიმაჩნია, რომ მან ის დაიწყო. ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს იქნება მისი დიდი შეცდომა, რადგან არ შეიძლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ომი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს შესაბამისი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება. თუმცა ზელენსკის თქმით, ის არ არის მზად, ისაუბროს ამ საქმის დეტალებზე.