ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე პირდაპირ ვკითხე პრეზიდენტ ბაიდენს – რას იტყვით უკრაინასა და ნატო-ზე, ნატო-ში გაწევრიანებაზე და როდის მოხდება ეს. ჩვენ 20-30 წუთის განმავლობაში განვიხილავდით ამ საკითხს. ბაიდენმა მითხრა, რომ თქვენ ნატო-ში უნდა იყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არისო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უპასუხა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უკრაინის ნატო-სკენ მიმავალი გზა შეამციროს და ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე გახადოს.
ზელენსკის აზრით, აშშ-ის პოზიციაზე გავლენას ახდენს „დიდი ევროპული ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის რჩევები“.