ვლადიმერ პუტინი - ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა 
ვლადიმერ პუტინი - ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა 

ჩვენ ვთავაზობდით სომხეთს, დაებრუნებინათ აზერბაიჯანისთვის ხუთი რაიონი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება თავისი გზით წავიდა, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე მოგვიყვანა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ფარგლებში პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდერიანის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არსებობს ორი დიდი რაიონი. ერთ-ერთია ქალბაჯარის და უფრო სამხრეთით დიდი რაიონები. რომელიღაც ეტაპზე აზერბაიჯანის მხარესთან შევთანხმდეთ, მიეცით ეს ხუთი რაიონი. ისინი არ არის საჭირო, აზრი არ აქვს, ეს რაიონები ცარიელია. ხალხი წავა ფაქტობრივად გაგდებული ამ ტერიტორიიდან. რა საჭიროა მათი შენარჩუნება, ამას აზრი არ აქვს. ხოლო ყარაბაღთან კავშირის შესანარჩუნებლად ორი რაიონი საკმარისია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი, ლტოლვილების დაბრუნება და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი რეგიონის სიტუაციის ნორმალიზებისთვის, მაგრამ სომხეთის ხელმძღვანელობა თავისი გზით წავიდა. ამან მიგვიყვანა სიტუაციამადე, რომელიც ახლა არის“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, სომხური მედიის ცნობით, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვის პოზიციაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება საჭიროა, თუმცა როგორი იქნება ის, ეს სომეხი ხალხის და ხელისუფლების გადასაწყვეტია.

„სომეხი ხალხი და დღევანდელი მთავრობა თუ მიიჩნევს, რომ საჭიროა სამშვიდობო შეთანხმების რომელიმე კონკრეტული ვარიანტის არჩევა, ე.წ. ვაშინგტონის ვარიანტი, როგორც მე მესმის, ითვალისწინებს მთელ ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას. თუ სომხეთი ასე მიიჩნევს, კი ბატონო, ჩვენ მხარს დავუჭერთ სომეხი ხალხის არჩევანს. თუ სომეხი ხალხი და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ყარაბაღს აქვს გარკვეული თავისებურება და ეს თავისებურება უნდა იყოს გათვალისწინებული, შეთანხმებული მომავალ შეთანხმებაში, ესეც შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია მოლაპარაკება აზერბაიჯანთან. საჭიროა, რომ ეს შეთანხმებები მისაღები იყოს აზერბაიჯანისთვის. ეს რთული საკითხია. სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირე და ჩვენ, ცხადია, გარკვეულ დონეზე აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით, ვიქნებით ორიენტირებული თავად სომხეთის წინადადებებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კრემლის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის დაგეგმილი.