ვლადიმერ პუტინი - სომხეთმა ფაქტობრივად თავად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად, აქ სალაპარაკოც არაფერია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სომხეთის მთვარობამ თავად აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის. ამის შესახებ პუტინმა ვლადივასტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„საქმე არ ეხება მხოლოდ უკანასკნელი კონფლიქტის შედეგებს, საქმე კიდევ იმაშია, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ, არსებითად, აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე და პრაღის განცხადებაში ეს უბრალოდ ქაღალდზე დაფიქსირდა“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ახლა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი აღარ დგას და ის გადაჭრილია.
„სომხეთის ხელმძღვანელობამაც საჯაროდ თქვა ეს, როდესაც დათვალა მთელი ტერიტორია 1991 წლამდე აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში და დაასახელა ციფრი, რომელშიც შედის ყარაბაღის ტერიტორიაც. ეს მოხდა. ეს ხომ ჩვენი გადაწყვეტილება არ არის – ეს არის სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ახლა აზერბაიჯანის პოზიცია რეგიონში რუსეთის მდგომარეობის მიმართ ასე ჟღერს: „თუ გსურთ რაიმეთი იყოთ დაკავებული, ყარაბაღის თემატიკა უნდა გადაწყვიტოთ ჩვენთან ორმხრივ საფუძველზე. ჩვენ რა გვაქვს სათქმელი? აქ სათქმელიც არაფერია. თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, მაშინ ჩვენ რა?“, – თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ კონტექსტში ჩნდება ჰუმანიტარული საკითხი და რუსი სამშვიდობოების რეგიონში ყოფნის მანდატის თემაც.
„მანდატი ჯერ მოქმედია, ხოლო ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები, რომელიც ეხება რაიმე სახის ეთნიკური წმენდის არდაშვებას, რა თქმა უნდა, რჩება. მე ამას ვეთანხმები. იმედია, აზერბაიჯანის ხელისუფლება, ისე, როგორც მანამდე გვეუბნებოდა და ახლაც გვეუბნება, არ არის დაინტერესებული ეთნიკური წმენდით. მეტიც, დაინტერესებულია, რომ ეს პროცესი რბილად მიმდინარეობდეს“, – განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, რომ მოსკოვი და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია არ დაეხმარა ერევანს, ხოლო ყარაბაღში ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება, პუტინმა აღნიშნა: „თუ სომხეთმა აღიარა, რომ მთიანია ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, მაშინ მორჩა. რაზე ვსაუბრობთ? ეს პრობლემის საკვანძო შემადგენელია. ყარაბაღის სტატუსი თავად სომხეთმა განსაზღვრა. ხომ ამაშია მთელი პრობლემა“, – თქვა პუტინმა.