ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 ოქტომბერს მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიიწვია
ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 ოქტომბერს მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი 9 ოქტომბერს მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიიწვია.

შესაბამის ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელეს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციები ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საკითხს შეეხება. რუსეთის პრეზიდენტი მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრების სერიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მიმართავს მოწოდებით, შეწყვიტონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გარდაცვლილთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის მიზნით. აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციების ჩასატარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, 9 ოქტომბერს მოსკოვში ვიწვევთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქომ და ერევანმა შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურეს.