ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო, დონალდ ტრამპს თანაპარტიელები და მოკავშირეები დაუპირისპირდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, დონალდ ტრამპს საკვანძო მოკავშირეები დაუპირისპირდნენ.
ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სენატორმა და თეთრი სახლის ლიდერის მთავარმა მოკავშირემ, ორინ ჰეჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთი ჩაერია.
„2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ამერიკული სპეცსამსახურები ერთხმად თანხმდებიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემდეგი არჩევნები საგარეო ზეგავლენისგან დავიცვათ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს ვლადიმერ პუტინი“, – განაცხადა ორინ ჰეჩმა.
დონალდ ტრამპის კომენტარით უკმაყოფილო არის კიდევ რამდენიმე თანაპარტიელი.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დადგებოდა დღე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის ლიდერის წინ იდგებოდა და რუსეთის აგრესიაში შტატებს დაადანაშაულებდა. ეს სამარცხვინოა“, – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის გამოსვლას არიზონის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ ფლეიკი.
სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორი, ლინდსი გრეჰემი კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ეს პასუხი რუსეთის მხრიდან სისუსტედ აღიქმება და პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ ქაოსს წარმოქმნის.
ჰელსინკიში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ვლადიმერ პუტინის ვერსიის სჯერა.