ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეების ზოგიერთი კატეგორიისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოქალაქეების ზოგიერთი კატეგორიისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების განკარგულებას ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ვებპორტალზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ყირიმის ტერიტორიაზე დაბადებული და მუდმივად მცხოვრები უკრაინელები შეძლებენ და ისინი, რომლებმაც ნახევარკუნძული 2014 წლის 18 მარტამდე დატოვეს, ასევე მათი მშობლები და შვილები.
ასევე რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ ყირიმში დაბადებული და მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც ნახევარკუნძული 2014 წლის 18 მარტამდე დატოვეს ან საბჭოთა კავშირის დროს უკანონოდ დეპორტირებულები იყვნენ.
ამას გარდა, პუტინის განკარგულებით, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ რუსეთში ბინადრობის უფლების მქონე უკრაინელები ან ლტოლვილის სტატუსის მქონე უკრაინელები.
24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებს გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.