ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„განიხილებოდა ასევე ვითარება საქართველოში. რუსი პარლამენტარების მიმართ ექსტრემისტული ელემენტებით პროვოცირებული რუსოფობიური პროვოკაცია შეფასებულია როგორც ძალიან საშიში გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაცემულია რეკომენდაცია, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული შესაძლო საშიშროების შესახებ, გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ან იმყოფებიან საქართველოში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
საქართველოს საკითხის გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება განიხილეს.