ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად თავისი ყოფილი პირადი მცველი, ალექსეი დიუმინი დანიშნა
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად თავისი ყოფილი პირადი მცველი, ალექსეი დიუმინი დანიშნა.
51 წლის დიუმინი გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 14 მაისამდე ის ტულის ოლქის გუბერნატორი იყო. მეხუთე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი პუტინმა ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სპორტის საკითხებში პირად თანაშემწედ დანიშნა.
დღეს კი ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დიუმინის სახელმწიფო საბჭოს მდივნად გადაყვანაზე.
ალექსეი დიუმინი 1995 წელს გაწევრიანდა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურში, რომელიც კრემლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში მისი პირადი დაცვის წევრი იყო, მოგვიანებით კი რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. როგორც მედია წერს, კრემლის კულუარებში ალექსეი დიუმინს პუტინის მემკვიდრედაც მოიაზრებენ.