ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთება გამოთქვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთება გამოთქვა.
რუსეთისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი, როგორც მინსკის ჯგუფის წევრი სახელმწიფო, კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განსამუხტად.
შეგახსენებთ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ახლო აღმოსავლეთის მებრძოლების მონაწილეობის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი აკეთებს.
მანამდე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უცხოელი მებრძოლების ჩაყვანაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ითხოვს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა რიცხვს თურქეთიც შეემატოს. ეუთო-ს ე.წ. მინსკის ჯგუფი 1 992 წელს შეიწმნა. მას 11 წევრი ჰყავს, მათ შორის თურქეთიც. ამ ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, საფრანგეთი და რუსეთი. ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობს.