ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ტელეგრამაში პუტინი წერს, რომ 30 წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვით, რთული გამოცდა გადალახა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები მოკავშირეობის და ინტეგრაციის შეთანხმების სულისკვეთებით გაგრძელდება.
1990 წლის 20 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოს რეგიონი, 2008 წლის 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მოკავშირეობის და ინტეგრაციის შეთანხმება გააფორმა.