ვლადიმერ პუტინმა მანეჟის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა
საარჩევნო დღის ბოლოს ვლადიმერ პუტინი მანეჟის მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე მივიდა. რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ამ არჩევნებშიც დიდი უპირატესობით ლიდერობს, კონცერტზე სიტყვით გამოვიდა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს.
„მადლობა ამ შედეგისთვის“, – მიმართა შეკრებილებს ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, 74,22 პროცენტით რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლიდერობს. მეორე ადგილზე პაველ გრუდინინია 14,02 პროცენტით. მას ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსდევს 6,51 პროცენტით. ქსენია სობჩაკმა კი 1,41%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
2012 წელს ვლადიმერ პუტინს 63,60 %-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტივობა 60 პროცენტს შეადგენდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, პუტინი მეოთხედ აირჩიეს პრეზიდენტად. ის ამ თანამდებობაზე 2024 წლამდე დარჩება.