ვლადიმერ პუტინმა „ღია ცის“ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ღია ცის“ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას გულისხმობს.
დოკუმენტი სამართლებრივ საკითხთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალურმა მოსკოვმა შეთანხმებიდან გასვლის პროცესი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა დატოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეთანხმების დასატოვებლად „გამოგონილი საბაბი“ გამოიყენა. მანამდე, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და ის ამერიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენა. უკვე მაისის ბოლოს, ჯო ბიადენიS ადმინისტრაციამ რუსულ მხარეს შეატყობინა, რომ „ღია საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.
„ღია ცის“ შეთანხმება 1992 წელს გაფორმდა. მასში 34 ქვეყანა მონაწილეობს. რუსეთის ფედერაცია ხელშეკრულებას 2001 წელს შეუერთდა. ეს ხელშეკრულება მის წევრ მხარეებს აძლევს საშუალებას, შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში შევიდეს და ჰაერიდან ფოტო-ვიდეო მასალა გადაუღოს მისთვის საინტერესო სხვადასხვა ინფრასტრუქტურას.