ვლადიმერ პუტინმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს დაავალა, რომ ენერგოკომპანიამ ევროპაში, მიწისქვეშა საცავებში გაზის მოცულობის გაზრდა 8 ნოემბრიდან დაიწყოს
ვლადიმერ პუტინმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს დაავალა, რომ ენერგოკომპანიამ ევროპაში, მიწისქვეშა საცავებში გაზის მოცულობის გაზრდა 8 ნოემბრიდან დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსების შემდეგ „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში.

ამის შესახებ პუტინმა რუსული ენრგოკომპანიის „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან გამართულ თათბირზე განაცხადა.

„გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინმა თათბირზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში მდგრადი, საიმედო თანამშრომლობა.

თავის მხრივ, ალექსეი მილერმა აღნიშნა, რომ „გაზპრომი“ რუსეთში მიწისქვეშა საცავების შევსებას 8 ნოემბრისთვის დაასრულებს.

ევროპის ქვეყნებში ენერგოკრიზისის შედეგად ენერგორესურსებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ევროკავშირში პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „გაზპრომი“ მიზანმიმართულად უწყობს ხელს ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის დეფიციტის წარმოქმნას, რათა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ ამოქმედებაზე ნებართვის გაცემა დააჩქაროს.